ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები (2023 აგვისტო-2024 ივლისი)
პროექტი “ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები” გერმანელ პარტნიორ ორგანიზაცია „რონეს ფონდთან“ ერთად, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. ინიციატივა მიზნად ისახავს სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლში მცხოვრები ქალების ლიდერული უნარების გაძლიერებასა და თემის განვითარებაში მათი როლის გააქტიურებას. პროექტის ფარგლებში ხორციელდება შემდეგი აქტივობები:
- უნარ-ჩვევების გაძლიერების ტრენინგები ( გენდერულად სენსიტიური ლიდერობა, მშვიდობის მშენებლობის პროცესში ქალთა ჩართულობა, ადვოკატირება და სტრატეგიული დაგეგმარება)
- Civic Action Lab (ლიდერობა, სათემო ინიციატივების განვითარება)
- სასწავლო ვიზიტი გერმანიაში
- ლიდერ ქალთა ფორუმი
- თემის განვითარებაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელება მცირე გრანტების მხარდაჭერით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ხელოვნებასა და კულტურაში (2023 აგვისტო-2024 მარტი)
პროექტი„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების ჩართულობის ხელშეწყობა ხელოვნებასა და კულტურაში“ ხორციელდება DEP-ის გუნდის წევრის, ქეთევან ტვილდიანის მიერ მოპოვებული აღმოსავლეთ პარტნირობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტის ამოცანაა იმ ბარიერების იდენტიფიცირება, რომელიც ხელს უშლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებს უფრო აქტიურად ჩაერთონ საქართველოს კულტურის და ხელოვნების სექტორში. პროექტი, ასევე, მიზნად ისახავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების უფლებების ადვოკატირებასა და რეკომენდაციების შემუშავებას როგორც სამთავრობო, ასევე, კულტურის ორგანიზაციებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, რათა აამაღლოს მათი ცნობიერება შშმ ახალგაზრდების ხელოვნებისა და კულტურის სფეროში ჩართულობასთან დაკავშირებით.
კვლევითი პროექტის ფარგლებში ჩატარდება ფოკუს ჯგუფები და ჩაღრმავებული ინტერვიუები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტის ვორქშოპი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ როგორც სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, ასევე შშმ საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო და კულტურის ორგანიზაციები და შშმ ახალგაზრდები.
ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერები (2023 თებერვალი-2023 ნოემბერი)
პროექტი „ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერები“ ხორციელდება DEP-ის გუნდის წევრის, ხატია მამუკაშვილის მიერ მოპოვებული აღმოსავლეთ პარტნირობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
პროექტი მიზნად ისაახვს ხელი შეუწყოს განათლების როლის გაძლიერებას საქართველოში მცხოვრები ეთინკურად სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის, იმ საკითხების იდენტიფიცირებისა და ანალიზის გზით, რომლებიც იწვევს ამ რეგიონების წარმომადგენლებში განათლების შეწყვეტის გადაწყვეტილების მიღებას.
პროექტი ეფუძნება კომპლექსური კვლევის მიდგომას. სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების წინაშე მდგარი გამოწვევების განსასაზღვრად და გასაანალიზებლად, როგორც ზოგადი, ასევე პროფესიული და უმაღლესი განათლების დონეებზე, კომბინაციაშია გამოყენებული კვლევის სამაგიდე, თვისებრივი და რაოდენობრივი კომპონენტები.
ქალთა და გოგონათა დაცვა და დახმარება Covid-19 პანდემიის კრიზისის დროს (2021-2024)
პროექტი “ქალთა და გოგონათა დაცვა და დახმარება Covid-19 პანდემიის კრიზისის დროს” განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმისა და ქალთა საკონსულტაციო ცენტრ “სახლი”-ს პარტნიორობით, გაეროს ნდობის ფონდის (UN Trust Fund) მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა, ძალადობაგამოვლილი ქალების გაძლიერებაზე ზრუნავს და მათ რბილი და პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებას სთავაზობს.
ტრენინგები მოიცავს 2 კომპონენტს:
- თეორიულ ტრენინგებს – მცირე ბიზნეს გეგმის შედგენის, პროექტის წერის, CV-ს, სამოტიაციო წერილის შედგენისა და გასაუბრების უნარების საკითხებს;
- პრაქტიკულ ტრენინგებს– პროფესიული გადამზადების კურსები, რომელთა შერჩევაც ქალებთან ერთად ინდივიდუალურ საჭიროებებზე დაყრდნობით ხდება.