30 იანვარს, განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმამ გამართა კვლევის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების საჭიროებების შეფასება“ შედეგების პრეზენტაცია.
კვლევა ჩატარდა პროექტის “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის დაფინანსებით.
კვლევის შედეგები წარადგინა თამარ ზვიადაძემ, განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის თანადირექტორმა და პროექტის ავტორმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების მხარდაჭერის სფეროში მომუშავე ექსპერტები სახელმწიფო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებიდან.
კვლევის შედეგების პრეზენტაციის შემდეგ, გაიმართა დისკუსია. დაინტერესებულმა მხარეებმა ხაზი გაუსვეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ადვოკატირებისათვის სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურების კოორდინირებული მუშაობის საჭიროებას, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონსულტირების პროცესში მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის მნიშვნელობას, დამსაქმებლებში ცნობიერებისა და მოტივაციის ამაღლების საჭიროებას.