განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის მიერ, კვლევის  „უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერები ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საქართველოში“ შედეგების პრეზენტაცია 2023 წლის 3 ნოემბერს გაიმართა.

ეთნიკურად სომეხი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდებისთვის უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერების კვლევა საქართველოში 2023 წლის მარტიდან დაიწყო და სექტემბრის ბოლომდე მიმდინარეობდა.

საკითხის სპეციფიკურობიდან გამომდინარე, კვლევა კომპლექსური იყო და მოიცავდა სამაგიდე, რაოდენობრივი და თვისებრივი კვლევის კომპონენტებს.

კვლევის შედეგების პრეზენტაციაზე მოწვეულნი იყვნენ როგორც სასწავლო დაწესებულებების, ასევე სამოქალაქო სექტორის  წარმომადგენლები, ექსპერტები, მკლევრები, აქტივისტები და ეთნიკურად აზერბაიჯანელი და სომეხი ახალგაზრდები.

კვლევის შედეგები განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის თანადირექტორმა და პროექტის ავტორმა, ხატია მამუკაშვილმა, წარადგინა. პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა დისკუსია. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს საკითხის მნიშვნელოვნებას და აქტუალობას, ცვლილებების განხორციელებისთვის სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორების კოორდინირებული მუშაობის მნიშვნელობას.

კვლევა ჩატარდა პროექტისთვის „უმაღლესი და პროფესიული განათლების მიღების ბარიერები ეთნიკურად არადომინანტური ჯგუფის წარმომადგენელი ახალგაზრდებისთვის საქართველოში“, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების სტიპენდიის პროგრამის ფარგლებში.

Facebook Comments