ლანა 31 წლის ახალგაზრდაა, რომელიც ეტლით სარგებლობს და სამსახურს უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ წლებია ეძებს. ჩვენთან ინტერვიუში ის საუბრობს იმ გამოწვევებზე, რასაც ის, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი,სამუშაოს ძიების პროცესში აწყდება.
ლანა, თქვენ უმაღლესი განათლება გაქვთ მიღებული. უნივერსიტეტი 2014 წელს დაამთავრეთ და მას შემდეგ სამსახურს ეძებთ. სანამ სამუშაოს ძიების თქვენს გამოცდილებას გაგვიზიარებთ, მოგვიყევით, თქვენთვის, როგორც ეტლით მოსარგებლესთვის, როგორ მიმდინარეობდა განათლების პროცესი?
გამოწვევები არაადაპტირებულ გარემოს უკავშირდება. არც სკოლის და არც უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა ადაპტირებული არ იყო, რაც ძალიან მირთულებდა გადაადგილებას. სხვა მხრივ სწავლისა და მასწავლებლებთან კომუნიკაციის პრობლემა
არასდროს მქონია. იყო სკოლაში ბავშვებთან ურთიერთობის სირთულეებიც. უნივერსიტეტშიც თავიდან რთული იყო. ურთიერთობის ბარიერებს იქაც ვაწყდებოდი, თუმცა შემდეგ გარშემომყოფები შემეჩვივნენ, მეც შევეჩვიე და მიხარია, რომ რამდენიმე მეგობარი სასწავლებლიდან დღემდე მყავს.
ლანა, ახსენეთ რომ ეხლა სამუშაოს ძიების პროცესში ხართ. რა მიმართულებით ისურვებდით მუშაობას?
ციფრული ინდუსტრიის სფერო მაინტერესებს. ამ მიმართულებით არაერთი გადამზადების კურსიც გავიარე, თუმცა რამე სხვა შესაფერისი თუ გამოჩნდა, იმაზეც თანახმა ვარ.
გაგვიზიარეთ სამუშაოს ძიების გამოცდილება. რა გზებით ცდილობთ სამსახურის პოვნას და როგორ წარიმართება ეს პროცესი
ვცდილობ როგორც საკუთარი ძალებით, ისე სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციების დასაქმების ხელშეწყობის პროგრამებით. ისინიც მეხმარებიან, მაგრამ ძალიან გვიჭირს საქართველოში დისტანციური სამუშაოს შოვნა. ძალიან რთულია, ფაქტიურად შეუძლებელი. ასევე, ვეძებ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოსაც, რა თქმა უნდა, შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ, მაგრამ ასეთს შრომის ბაზარზე საერთოდ ვერ ვპოულობ.
როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?
ჩემი დაკვირვებით შშმ პირთათვის სამუშაო ვაკანსიები ძირითადად ფიზიკური შრომის დატვირთვის მქონეა. ისინი მუშაობენ მაგალითად საამქროებში, სამკერვალოებში, ისეთ პოზიციებზე სადაც ფიზიკური შრომა მოითხოვება. მე სამწუხაროდ ამას ვერ შევძლებ, რადგან გაადგილების პრობლემა მაქვს. ინტელექტუალურ სამუშაოს რაც შეეხება, მათზე ნაკლებად არის მოთხოვნა. არის შემთხვევები, როცა არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლების სამიზნეც ხდები და ისინი ცდილობენ შრომის აუნაზღაურებლად გამოუშაონ. დასაქმების ფორუმებზეც ძალიან ბევრგან ვარ ნამყოფი. დამიტოვებია სივი, მაგრამ არც იქიდან მქონია რამე გამოხმაურება. ხშირად ყოფილა ისეც, რომ ის დამსაქმებლები, რომლებიც მოდიან ფორუმებზე, მოდიან ფორმალურად. გთავაზობენ ვაკანსიებს, მაგრამ გეუბნებიან რომ ადაპტირებული გარემო არ აქვთ. არც მოქნილი ვაკანსია და არც ადაპტირებული ინფრასტრუქტურა-აბა რა გზით აპირებ შშმ პირისთვის ხელის
შეწყობას? ძირითადად ეს ბარიერებია- არადისტანციური სამუშაო, სრულ განაკვეთზე მუშაობის მოთხოვნა, არაადაპირებული ინფრასტრუქტურა. ასევე, შესამჩნევია მოთხოვნა 3-წლიან სამუშაო გამოცდილებაზე. თუკი არავინ დამასაქმა სამუშაო გამოცდილებას როგორ მივიღებ? გარდა ამ ფაქტორებისა, თვითონ დამსაქმებლის მხრიდან იგრძნობა უნდობლობა, რადგან შშმ პირი ხარ თვლიან, რომ ვერ შეძლებ სამუშაოს სათანადოდ შესრულებას.
გასაუბრების დროს შეგიმჩნევიათ დამსაქმებლისგან ეს დამოკდებულება, რომ ჰგონიათ რომ სათანადოდ ვერ იმუშავებთ?
კი, შემიმჩნევია. სულ ხდება იმის განსაკუთრებული ხაზგასმა შევძლებ თუ არა პასუხისმგებლობა ავიღო თუკი ამ პოზიციაზე დავსაქმდები და შევძლებ თუ არა საქმე შევასრულო. ეს უნდობლობა იგრძნობა საუბარში. პირდაპირ არავინ გეუბნება, რომ შშმ პირი ხარ და არ მსურს შენი დასაქმება, მაგრამ კითხვებით, დამოკიდებულებებით ეს იგრძნობა. სამწუხაროდ იშვიათად შემხვედრია ღია, თავისუფალი და გახსნილი დამსაქმებელი.
რის შეცვლას, გაუმჯობესებას ისურვებდით ქართულ შრომით ბაზარზე?
კომპანიებში ადაპიტრებული გარემოს შექმნას, ბაზარზე მოქნილი სახის სამუშაობის გაჩენას (დისტანციური, ნახევარ განაკვეთზე მუშაობის შესაძლებლობა). ასევე, კარგი იქნება, რომ დამსაქმებლებს ჩაუტარონ ცნობიერების ასამაღელბელი ტრენინგები იმაზე თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ჰქონდეთ შშმ პირებთან. ვისურვებდი, რომ დამსაქმებელები გვესაუბრონ, გამოსაცდელი ვადით აგვიყვანონ, ნახონ რისი გაკეთება შეგვიძლია.
ავტორი: თამარ ზვიადაძე, განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა
მასალა მომზადებულია განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის მიერ, პროექტის – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის დაფინანსებით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.