2014 წელს, საქართველომ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კონვენციის რატიფიცირებას მოაწერა ხელი, რითაც აიღო პასუხისმგებლობა მხარი დაუჭიროს, დაიცვას და უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები. კონვენცია ხაზს უსვამს, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს აქვთ უფლება ჩართულები იყვნენ ცხოვრების ყველა ასპექტში, მათ შორის შრომის ბაზარზე. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს სახელმწიფოს აქვს გაცხადებული ნება მხარი დაუჭიროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანების ჩართულობას, მათი შრომის უფლებების რეალიზება ქვეყნისთვის კვლავ დიდ გამოწვევად რჩება.
დეა ერემაშვილი, უფლებადამცველი

დეა  ერემაშვილი შეზღუდული შესაძლებელობის მქონე ადამიანთა უფლებების დამცველი აქტივისტია, რომელიც რამდენიმე წელია შშმ პირთა დასაქმებაზე მუშაობს. სტატიაში დეა გვიამბობს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე და გამოწვევებზე, რომლის წინაშეც დღეს შშმ პირები დგანან.

დეა, თქვენი ორგანიზაცია შშმ პირთა უფლებების დაცვაზე და მათი დასაქმების ხელშეწყობაზე მუშაობს. გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება, რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს შშმ პირები?

თვალშისაცემი პრობლემაა ის, რომ 2000 წლამდე დაბადებულ შშმ პირების უმრავლესობას, განსაკუთრებით მათ, ვინც სოფლად ცხოვრობდა და ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდა, არ აქვთ სკოლის დიპლომები. მაშინ ბევრად ნაკლები შესაძლებლობა არსებობდა. არ იყო დანერგილი ინკლუზიური განათლება, არ იყო შესაბამისი ტრანსპორტი. ამას ემატებოდა უშუქობა, ოჯახების სიდუხჭირე. შესაბამისად, ეს ადამიანები სკოლის მიღმა დარჩნენ. ეს დღეს პრობლემაა, რადგან მათ, ვინც ვერ შეძლო საბაზისო განათლების მიღება, არ აქვთ შრომის ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი კვალიფიკაცია და ამავდროულად, არ აქვთ უფლება, რომ პროფესიულ სწავლებაზე ჩააბარონ.

რა არის ამ პრობლემის გადაჭრის გზა?

წარსულშიც ვამბობდი და დღესაც აქტიურად ვსაუბრობ, რომ საჭიროა ამ ადამიანების შემთხვევების ინდივიდუალურად განხილვა. მიმაჩნია, რომ 2000 წლამდე დაბადებულ შშმ პირებზე უნდა დაიშვას დისკრეცია, რომლის საფუძველზეც მათ კოლეჯში ჩაბარების უფლებას მისცემენ. დღეს განათლების მიღების რესურსი იძლევა იმის შანსს, რომ ადამიანმა რეალურად შეცვალოს საკუთარი ცხოვრება. ამიტომ, სახელმწიფომ დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს მათ, ვინც ვერ შეძლო საბაზისო განათლების მიღება. დღეს ეს ადამიანები კადრს მიღმა არიან დარჩენილები.

გარდა ამისა, პროფორიენტაციის კუთხით სკოლებშიც აქტიური სამუშაოებია გასატარებელი. იმ ბავშვების უმეტესობა ვინც სკოლას ამთავრებს, სწავლას აღარ აგრძელებს და მიდის ან სახლში, ან დღის ცენტრში. მნიშვნელოვანია, რომ კარიერული დაგეგმვის კონსულტანტებმა იარონ სკოლებში, დაარწმუნონ ბავშვები და მათი მშობლები განათლების მიღების, პროფესიის შეძენის საჭიროებაში.

ასევე, უმნიშვნელოვანესია ასისტენტის პროგრამის სწრაფად დაწყება, რათა, მაგალითად, მობილობის შეზღუდვის მქონე ადამიანებმა დაუბრკოლებლად შეძლონ სასწავლებლამდე, სამსახურამდე მისვლა. მაგალითად, ახლა გვყავს სტუდენტი გოგო, რომელიც ლექციებზე ვეღარ დადის, რადგან მშობელი მუშაობს და მის სატარებლად არ სცალია. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია შშმ პირებს ჰყავდეთ დამხმარე, რომელიც მათ გადაადილებაში შეუწყობს ხელს.

შშმ პირთა განათლების ხელმისაწვდომობას დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს. ცხადია, არსებობს 3-თვიანი კურსები, რომელთა გავლაც შეიძლება, კურსდამთავრებულები შესაბამის სერტიფიკატებსაც იღებენ, მაგრამ დღეს შრომის ბაზარზე დამსაქმებელთა უმეტესობა უმაღლეს განათლებას ითხოვს და რთულია მოკლევადიანი კურსებით ფონს გასვლა.

დეა, დამსაქმებლები და მათი მოთხოვნები ახსენეთ. საქმიანობიდან გამომდინარე მუდმივად გიწევთ მათთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, როგორია მათი მზაობა შშმ პირთა დასაქმებაზე?

დიდი კომპანიები ასე თუ ისე მზად არიან, რომ გარკვეულ თანამშრომლობაზე წამოვიდნენ, მაგრამ საშუალო ზომის ორგანიზაციები მაინც თავს იკავებენ. ეს ალბათ შშმ პირების მიმართ ცნობიერების დაბალი დონის ბრალია. არიან დამსაქმებლები, რომლებიც უბრალოდ არ იცნობენ შშმ პირებს და არ უნდათ „ზედმეტი ტვირთის“ აღება. ჰგონიათ, რომ სთავაზობ იმ ადამიანის დასაქმებას, რომელსაც ტყუილად უნდა უხადონ ხელფასი.

მეორე საკითხი, რომელიც პრობლემატურია დღევანდელ ბაზარზე არის ის, რომ ზოგი დამსაქმებელი შშმ პირებს სთავაზობს ვაკანსიებს, რომელთა სამუშაო პირობები/დატვირთულობა და ანაზღაურება არაპროპორციულია. ხელფასი იმდენად დაბალია, მხოლოდ გზის ფულზე და კვებაზე თუ გაგწვდება. ასეთ ვაკანსიებს შშმ პირებს არ ვთავაზობ, რადგან მონა არავინ არის.

როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს მდგომარეობის შესაცვლელად?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად არ ვარ კვოტირების მომხრე, მგონია, რომ საქართველოში იმ ეტაპზე ვართ, რომ დროებითი კვოტები უნდა შემოვიღოთ შშმ პირთა დასაქმებაზე. ისე, როგორც ეს არაერთი ქვეყნის მაგალითზე გვაქვს. მაგალითად 100 დასაქმებულ ადამიანზე, 4% სამუშაო ადგილებისა მოდიოდეს შშმ პირებზე. ეს თავად შშმ პირებშიც გაზრდის მოტივაციას, რომ განათლება მიიღონ. ასევე, დამსაქმებლებისთვის სტიმულის მისაცემად უნდა არსებობდეს გარკვეული საგადასახადო შეღავათები. სახელმწიფო დასაქმების პროგრამაში ჩართვაც ნაკლებ ბიუროკრატიასთან უნდა იყოს დაკავშირებული.

გარდა ამისა, ცნობიერების ამაღლების მიზნით, დამსაქმებლებთან აქტიური ტრენინგებია ჩასატარებელი. ვთვლი, რომ პოტენციურ დამსაქმებლებთან შშმ პირებმა უნდა ვატაროთ  სემინარები და ტრენინგები, რათა უკეთ გაგვიცნონ და შშმ პირებთან გაუცხოება არ ჰქონდეთ.

ავტორი: თამარ ზვიადაძე, განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა

მასალა მომზადებულია განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმის მიერ, პროექტის – “შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდების დასაქმების მხარდაჭერა“ ფარგლებში, ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების პროგრამის დაფინანსებით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ავტორი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

Facebook Comments