მრავალფეროვნების გაძლიერება- შთაბეჭდილებები სამოქალაქო ინიციატივების ლაბორატორიიდან

სამოქალაქო ინიციატივების ლაბორატორიამ სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლში მცხოვრები ლიდერი ქალები გააერთიანა.

სამოქალაქო ინიციატივების ლაბორატორია, პროექტის “ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები” ფარგლებში შექმნილი პროგრამაა, რომელიც 2023 წლის ნოემბრიდან 2024 წლის იანვრის პერიოდში განხორციელდა და რომელშიც მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრებმა 60-მა ეთნიკურად ქართველმა, სომეხმა და აზერბაიჯანელმა ქალმა მიიღო.  

სამოქალაქო ინიციატივების ლაბორატორიის მიზანი სამოქალაქო აქტივისტ და სათემო პროცესებში ჩართულ აქტიურ მოქალაქეებში ლიდერული უნარ-ჩვევების გაძლიერება, სათემო ინიციატივების მართვისთვის საჭირო ცოდნის გაღრმავება და მათ შორის კავშირების გამყარება იყო.

10-დღიანი ჰიბრიდული რეჟიმისგან შემდგარი პროგრამა მოიცავდა 5-დღიან ონლაინ ფორმატს, სადაც 60 მონაწილე ქალს საშუალება ჰქონდა გაეარა მოდული “სისტემური ცვლილება და შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა”. 5-დღიან პირისპირ ტრენინგებზე კი, პროექტის გამორჩეული 31 მონაწილე იყო მოწვეული.

პირისპირ შეხვედრებმა ქალები ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ცემში გააერთიანა, სადაც მათ საშუალება ჰქონდათ სიღრმისეულად გაცნობოდნენ პროექტების მართვის, ლიდერობის, ეფექტური კომუნიკაციის, მშვიდობის მშენებლობისა და ფანდრაიზინგის/ქრაუდფანდინგის საკითხებს. გარდა, ამისა, პროგრამამ ქალებს თანამოაზრეების შეძენის, კავშირების დამყარების, სათემო ინიციატივების  გარშემო გაერთიანების და ერთმანეთთან თანამშრომლობის საშულება მისცა. 

პროგრამის მონაწილე ქალები გვიზიარებენ თავიანთ შთაბეჭდილებებს, გამოცდილებასა და ემოციებს, რომლებიც სამოქალაქო ინციატივების ლაბორატორიაში მონაწილეობით მიიღეს:

ნინო ვართაპეტიანი, ტელეკომპანია “ბორჯომის” საინფორმაციო სამსახურის უფროსი; “სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრის” (SJMC) მედია პროგრამის მენეჯერი:

DEP-ის პროექტში სექტემბრიდან მოყოლებული დღემდე ვარ ჩართული. ვმუშაობ სამცხე-ჯავახეთის მედია ცენტრში და ტელეკომპანია „ბორჯომში“. ჩემი სამუშაო გრაფიკიდან გამომდინარე კი პირველად ჩავერთე ასეთ გრძელვადიან პროექტში, რომელიც რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. თითოეული კომპონენტი იყო ძალიან საინტერესო და ეტაპებს შორის ყოველთვის მქონდა მოლოდინი და ინტერესი თუ როგორ გაგრძელდებოდა პროცესი. 

პროექტის ფარგლებში, პროფესიონალი მენტორების დახმარებით, ძალიან ბევრი ვისწავლე ონლაინ თუ პირისპირი ტრენინგების დროს. ახლაც საინტერესო პროცესი გვაქვს. პროექტის მონაწილე ქალები ერთად ვმუშაობთ იმ საპროექტო იდეებზე, რომელთა განხორციელებაც ჩვენს თემში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები ქალებისთვის გვსურს. გულწრფელად რომ გითხრათ, პროექტის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება აქამდე არ მქონია და ცოტათი ვღელავ, თუმცა, ჯგუფის დიდი იმედი მაქვს. გუნდურობა ხომ სწორედ იმას ნიშნავს, რომ რესურსები და უნარები საქმის დროს თანაბრად გადანაწილდეს და წარმატებაც არ დააყოვნებს. იმდენი კარგი ადამიანი შემძინა ამ პროექტმა, რომ უკვე მეგობრები გავხდით, ერთმანეთს ვეხმარებით და დავეხმარებით ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე. რაც მთავარია, პროექტის დაწყებიდან დღემდე საკუთარ თავს რომ ვაკვირდები, ვხვდები რომ გარკვეულ საკითხებს სხვაგვარად ვუყურებ და ვაფასებ, მაქვს უფრო მეტი გამოცდილება და კონტაქტები.

მერი ჭელიძე, მასწავლებელი წალკიდან, წალკის ახალგაზრდული ცენტრის დამფუძნებელი:

პროექტი: ,,ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი ქალები, როგორც ინტეგრაციის ელჩები” არის საოცარი შესაძლებლობა გახდე ინტეგრაციის ელჩი შენი თემისთვის, რაც დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა. ეს არის პროექტი, რომელიც უდიდეს შესაძლებლობებს გთავაზობს და ფართო კარს გიხსნის ჩაერთო სამოქალქო ცხოვრების ფერხულში.

ამ პროექტის ყველაზე საინტერესო და ღირებული ნაწილი კი სამოქალქო ინიციატივების ლაბორატორიაა, რომელიც 5 ძალიან საინტერესო და საჭირო პროგრამისგან შედგება. გარდა იმისა, რომ ამ პროგრამით მივიღე გამოცდილება, განვივითარე სხვადასხვა კომპეტენციები და უნარები, ასევე გავიცანი არაჩვეულებრივი ადამიანები, გამოცდილი თემის ლიდერები, რომლებთან ერთადაც ყოფნა, მუშოაბა და ურთიერთობა უდიდესი სიამოვნება და საუკეთესო გამოცდილებაა.

ქნარიკ კულიდჟანიან, საერთაშორისო ურთიერთობათა სპეციალისტი:

„სამოქალაქო ინიციატივების ლაბორატორიის“  ფარგლებში, გავიცანი ახალი მეგობრები,  ავიმაღლე ცნობიერება და  მივიღე მნიშვნელოვანი ცოდნა, რომელიც ახლა შემიძლია გავუზიარო მოსწავლეებს, ახალგაზრდებს, ქალებს, ყველას, ვისაც აინტერესებს მსგავსი თემები. გენდერული თანასწორობის საკითხებზე სწორი ინფორმაციის მიღება  და შესაბამისი რეაგირება, ძალიან მნიშვნელოვანია.

თამარ მაისურაძე, კლინიკური ფსიქოლოგი:

DEP-ის პროექტის ფარგლებში 31 არაჩვეულებრივი, ძლიერი და მშვენიერი ქალი გავერთიანდით. ეს იყო კულტურულად ფერად ქალთა ერთობის, თანაგანცდის, გაზიარების, ყინულის ლღობისა და ერთმანეთთან ემოციური ქსელების გაბმის კვირეული. ამ დროის განმავლობაში, საჭირო და მნიშვნელოვან უნარებს დავეუფლეთ. ახლა კი, უკვე შეგვიძლია ჩვენს მრავალფეროვან იდეებს ფრთა შევასხათ, სხვა საოცარ ქალთა გაძლიერებისა და გლობალური ტრანსფორმაციის მიზნით. 

ერთი რამ ნათელი გახდა, მიუხედავად იმისა, თუ რა გზას გადიან ისინი, ქალები მნიშვნელოვან ცვლილებებს ახდენენ.ამ პროექტში ჩართული თითოეული ქალი საკუთარი თემისთვის, ინტეგრაციის, მშვიდობის მშენებლობის, განვითარებისა და ჩართულობის ელჩი გახდა. ეს პროექტი თავად კი – ამ პროცესთა დამაკავშირებელი “აბრეშუმის გზა”.

პროექტს ჩვენი ორგანიზაცია განვითარებისა და ჩართულობის პლატფორმა ⋯ Dep ⋮ ახორციელებს Rönne-Stiftung – თან პარტნიორობით, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.

Facebook Comments